თბილისში პირველ ეტაპზე მხოლოდ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ეს ირკვევა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერით, რომლითაც ავტობაზის მშენებლობაა გათვალისწინებული.
ამ დრომდე არ არის გამოცხადებული ტენდერი ავტობუსების შესაძენად - ხელშეკრულების გაფორმებიდან მის ჩამოყვანამდე კი სულ მცირე ერთი წელია საჭირო. ახალი ავტობუსებისთვის აუცილებელია ავტობაზაც, რომლის მშენებლობაც მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერით გადაწყვიტა - მისი ღირებულება 62,8 მლნ ლარია.
მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის საჭირო ავტობაზის მშენებლობის პროცედურა რამდენჯერმე დაიწყო. 2023 წლის იანვარში სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს სწერდა, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღონისძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში" და ამის გამო ტენდერის გარეშე მშენებლობის დაწყებას გეგმავდა. შესყიდვების სააგენტომ ეს მოთხოვნა 3 თვის წინ დააკმაყოფილა, თუმცა მერიამ ბაზის მშენებლობა მაინც არ დაიწყო.
"რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი, ისევ ტენდერის გზას გამოვიყენებთ", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.
მერიამ ავტობაზის ასაშენებლად ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა. სწორედ ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ 50 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავტობაზის ასაშენებლად 18 თვე ექნება, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ:
"მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მეოთხე ავტობაზის სამშენებლო ინფრასტრუქტურის იმ დონემდე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოყვანილი 50 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია".
10 თვეში ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს:
- ავტობუსების სადგომი;
- გაზგასამართი სადგური;
- სამრეცხაო;
- სარეგლამენტო მომსახურების სივრცე;
- სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე;
- საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა;
- ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა;
- ტერიტორიის შემოღობვა;
- საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა;
- დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.
18-მეტრიანი ავტობუსების ქალაქში შემოყვანა თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ჯერ კიდევ მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, 2018 წლის ოქტომბერში, ის ამბობდა, რომ "2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი". მალევე იგი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა მიუნხენში და კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.
თბილისის მერის დაპირებაა, რომ ქალაქში შეიქმნება ე.წ. 10 სწრაფი დერეფანი, რომლებზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. ჯამში მუნიციპალიტეტი 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას აპირებს. მერიის სატრანსპორტო სამსახური თბილისის მოსახლეობას ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.