Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუა ექსპერტიზის ჩასატარებლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს


ბადრი ესებუა, ფოტო გადაღებულია ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში
ბადრი ესებუა, ფოტო გადაღებულია ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესაბამისი გამოკვლევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაუტარდება.

ამ მიზეზით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაურკვეველი ვადით გადაიდო ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის განხილვა. მორიგი სხდომა დღეს, 19 აპრილს, იყო დანიშნული.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე 18 აპრილს გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს დარჩება იქ. ამას ექსპერტი გადაწყვეტს. ისე, მაქსიმალური ვადა 20 დღეა. ამიტომ ვერ გეტყვით, როდიდან განახლდება სხდომები“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიულ-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

ამ პროცედურის აუცილებლობა ბრალდების მხარემ “საქმის სპეციფიკურობით” ახსნა. პროკურორების თქმით, საუბარია მძიმე დანაშაულზე - ადამიანების მძევლად აყვანაზე - ამიტომაც შესაბამისი დასკვნა საქმეში უნდა არსებობდეს. მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ თქვა, რომ პროკურორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და მხოლოდ „პატიმრის დისკრედიტირებას“ ემსახურება, ვინაიდან არც სამედიცინო დოკუმენტაცია და არც მოწმეთა ჩვენებები არ აჩენს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს. მიუხედავად ადვოკატების პოზიციისა, მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მხარეები პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG