Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა და ყირიმის დეოკუპაცია "გეგმის მიხედვით მიდის"


კირილ ბუდანოვმა თებერვალში განაცხადა, რომ გადამწყვეტი ბრძოლები ფრონტზე გაზაფხულის მეორე ნახევარში გაიმართება
კირილ ბუდანოვმა თებერვალში განაცხადა, რომ გადამწყვეტი ბრძოლები ფრონტზე გაზაფხულის მეორე ნახევარში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მზადება "გეგმის" მიხედვით მიდის, მაგრამ ის წინასწარ არ ილაპარაკებს მისი განხორციელების გეგმებზე. ამის შესახებ საინტერნეტო გამოცემა NV.ua იუწყება.

"არ მოუსმინოთ მთელ ამ ლექსს, რითაც ინტერნეტი გაივსო. ზოგი ამბობს [კონტრშეტევა] ახლა დაიწყება, ზოგი კი - არა, მათ ის უკვე გადადესო. სიტუაციაზე არც ერთს აქვს წარმოდგენა და არც - მეორეს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ჟურნალისტმა ბუდანოვს შეახსენა თავისივე სიტყვები, რომ გაზაფხულზე უკრაინის არმია ყირიმში შევიდოდა, რაზეც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ „ჩვენ მარაგში დრო კიდევ გვაქვს“.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა თებერვალში განაცხადა, რომ ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართება გაზაფხულის მეორე ნახევარში. ხოლო პენტაგონში ითქვა, რომ უკრაინას რთული ბრძოლა გაზაფხულზე და ზაფხულში ელოდება.

ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავიდა, მათი ამოცანა კი ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაა.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG