უკრაინამ და რუსეთმა განახორციელეს სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფისებში განაცხადეს.
"ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს - ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში. მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, გოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.
რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 - ქალია.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება. "გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიყვანენ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით", - აცხადებენ რუსეთის სამხედრო უწყებაში.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა დიდი გაცვლა მოხდა მარტის დასაწყისში - მაშინ 130 უკრაინელი და 90 რუსი დაბრუნდა სამშობლოში.