Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე ისევ გაისმა "სოხუმი! ცხინვალი!"


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი 9 აპრილის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი 9 აპრილის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და აქციის წამყვანმა ირაკლი ფავლენიშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ისევ თქვა "სოხუმი! სოხუმი! ცხინვალი! ცხინვალი!". 7-9 მარტის აქციებისას ეს შეძახილები ოკუპირებულ აფხაზეთში ომის მუქარად აღიქვეს.

"წინა ჩემი გამოსვლისას, მარტის თვეში აქცია რომ იყო, გალიდან იყო ძალიან ემოციური წერილი, რომელიც წავიკითხეთ. მერე ბუნებრივად ხალხში დავიწყეთ სკანდირება სოხუმის და ცხინვალის. გამოვიდნენ სეპარატისტული, იგივე რუსული რეჟიმის წარმომადგენლები, ადგილობრივი რუსი პროპაგანდისტები და თქვეს, რომ ეს მილიტარიზმიაო. მეგობრებო, ჩვენ დაკარგულად არ ჩავთვლით იმას, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია. ასიათასობით ქართველი არის დევნილი თავისი სახლიდან. ეს არის არა მილიტარიზმი, არამედ არის ჩვენი ტერიტორიების, რომელიც საერთაშორისო საზღვრებში ჩვენ გვეკუთვნის, მშვიდობიანი დაბრუნება. ქართველ ხალხს უარს ვერ ათქმევინებთ მშობლიურ ტერიტორიებზე. ამიტომაც, ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო ამ სიტყვებით, რაც აუცილებლად მოჰყვება ევროინტეგრაციას. მშვიდობიანად, ისე როგორც ქართველ ხალხს სჭირდება დავიბრუნებთ ორივეს. სოხუმი, სოხუმი, სოხუმი... ცხინვალი, ცხინვალი, ცხინვალი", - თქვა ფავლენიშვილმა.

პარლამენტის წინ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია "ერთად ევროპაში".

აქციაზე სიტყვით ძირითადად პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოდიან.

7-9 მარტს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ იმართებოდა. აქციის წამყვანის ფრაზა "სოხუმი! სოხუმი! ცხინვალი! ცხინვალი!", რომელსაც საპასუხოდ საპროტესტო აქციიდან შეძახილები მოჰყვა, სოხუმში ომის მუქარადაც კი აღიქვეს.

XS
SM
MD
LG