Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ქონებას Forbes-ი 4.9 მილიარდ დოლარად აფასებს


ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

გამოცემა Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს 544-ე ადგილი უკავია. მისი ქონება Forbes-ს 4.9 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 2022 წელთან შედარებით 100 მლნ დოლარით მეტია.

გამოცემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 2022 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილს 210 მლნ დოლარი გადაუხადა.

Bloomberg-ი კი საქართველოს ექსპრემიერის ქონებას 5.95 დოლარად აფასებს და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში 407-ე ადგილზე აყენებს.

Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია ფრანგული ჯგუფის, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც 211 მლრდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზეა Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი, 180 მლრდ დოლარის ქონებით. უმდიდრესი ადამიანების სამეულშია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, 114 მლრდ დოლარის ღირებულების ქონებით.

Forbes-ის ვერსიით, ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია კომპანია Еврохим-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკო, 25 მლრდ დოლარის ქონებით. სულ Forbes-ის სიაში 110 რუსი ბიზნესმენი მოხვდა, რაც 22-ით მეტია წინა წელზე, მაგრამ ნაკლებია 2021 წელთან შედარებით - მაშინ რუსეთს Forbes-ის სიაში 123 ბიზნესმენი წარმოადგენდა.

  • ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა, დააფუძნა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის მთავრობის მეთაური გახდა. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდან და ოფიციალურად უარი თქვა პოლიტიკაში მონაწილეობაზე.
  • 2018 წლის 11 მაისს ივანიშვილი ხელახლა აირჩიეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ. მისი განმარტებით, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება რთული იყო და არ შედიოდა მის გეგმებში. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ივანიშვილმა საქართველო, ქართველი ხალხი, მისი კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი დაასახელა.
  • 2021 წლის 11 იანვარს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მისია შესრულებულია და პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
  • ამის შემდეგ ივანიშვილს პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ბევრს მიაჩნია, ის ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობს.

XS
SM
MD
LG