რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის დაგეგმვაში და უკრაინის სპეცსამსახურების მოკავშირედ დაასახელა "აგენტურა", რომელსაც კავშირი აქვს რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ფონდთან.
ვლადლენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინია, 2 აპრილს, საღამოს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში". რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტს 24 საათიც კი არ დასჭირდა იმისთვის, რომ „დადგენილად“ გამოეცხადებინა დამგეგმავი და შემსრულებელი.
ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, „დადგენილია, რომ 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში ჩადენილი ტერორისტული აქტი ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ“ და მასში ჩართული იყო „აგენტურა იმ პირთა რიცხვიდან, რომლებიც თანამშრომლობენ ე.წ. ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებითვე, აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა ნავალნის აქტიური მომხრეა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დღეს დააკავეს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, 26 წლის, პეტერბურგელი დარია ტრეპოვა დაახლოებით ერთი თვის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე.
დმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა.
უკრაინის წინააღმდეგ ომის და პუტინის იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერი, სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი 2 აპრილს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში", რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.
რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.
ტატარსკის სიკვდილის დადასტურებიდან მალევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა". ტატარსკის მკვლელობისთვის უკრაინის დასჯა მოითხოვეს კრემლის პროპაგანდისტებმა, მარგარტა სიმონიანმა და თინა კანდელაკმა.
მათგან განსხვავებით, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ტატარსკის სიკვდილში არ დაადანაშაულა „კიევის რეჟიმი“ და განაცხადა, რომ რუსეთში „მოქმედებს რადიკალების ჯგუფი“, რომელსაც მთავრობასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.