Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კურიერები აჰყავთ, ჩვენ რომ ჩაგვანაცვლონ - "ვოლტი": გასაუბრებებს აქამდეც ვატარებდით


"ვოლტის" კურიერების პროტესტი, 2023 წლის 31 მარტი
"ვოლტის" კურიერების პროტესტი, 2023 წლის 31 მარტი

Wolt-ის კურიერების ნაწილი, რომლებმაც უწყვეტი პროტესტი დაანონსეს, "ვოლტის" ერთ-ერთ ოფისთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. კურიერების თქმით, კომპანია მათ ჩასანაცვლებლად გასაურებებს მართავს, რაც მათ მორიგ უკმაყოფილებას იწვევს.

"ახალი კურიერები აჰყავთ, უნდათ რომ ჩვენ ჩაგვანაცვლონ და აქ მოვედით, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და ვუთხრათ შემოგვიერთდნენ, სანამ ჩვენი პრობლემები არ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან ისინი ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან", - ამბობს გიორგი მამალაშვილი, "ვოლტის" კურიერი 2018 წლიდან.

პროტესტში მონაწილე კურიერების ჩასანაცვლებლად ახალი კადრების აყვანას უარყოფენ "ვოლტში". კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსგავს გასაუბრებებს პერიოდულად მართავენ, მათ შორის ჩატარდა რამდენიმე თვის წინაც.

კურიერები კომპანიისგან ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირებას და Wolt-ის ხელმძღვანელობასთან კოლექტიურ შეხვედრას ითხოვენ. უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ისინი "საინფორმაციო კამპანიებს" ატარებენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან.

"ეს საპროტესტო აქცია ემსახურება იმას, რომ კურიერებს და არამხოლოდ კურიერებს, მშრომელ კლასს უფრო გაუმჯობესდეს შრომითი პირობები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ამის საშულება, აქვს ამის რესურსი კომპანიას და უბრალოდ არ უნდათ როგორც ჩანს", - ამბობს გიორგი თონიაშვილი, რომელიც "ვოლტში" კურიერად 4 წელია მუშაობს.

Wolt-ის კურიერების ნაწილმა აპლიკაციის გათიშვის და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება 29 მარტს, კურიერთა კონფერენციაზე მიიღეს.

30 მარტს ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაფიცული კურიერების მხრიდან ადგილი აქვს სხვა, მოქმედ კურიერებზე ზეწოლას, მუქარას და შეურაცხყოფას, რასაც უარყოფენ კურიერები.

"პროტესტის ეს ფორმა გარდა იმისა, რომ მიუღებელია, კანონდარღვევაცაა. როგორც იცით, ამ წუთებშიც, აქციის მონაწილეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ატარებენ ე.წ. "საინფორმაციო კამპანიას". ასევე, გეგმავენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის პიკეტირებას, იმ პარტნიორი კურიერების სიების გამოქვეყნებას, ვინც მხარს არ უჭერს, ცრუ შეკვეთების განთავსებას და სხვა მსგავს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"ვოლტი" აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილე კურიერებმა ზეწოლად და დაშინების მცდელობად აღიქვეს მათი თხოვნა იმის შესახებ, რომ არ გასცდნენ კანონიერ პროტესტის ფორმას.

კურიერები 2 თვეზე მეტია, თბილისში პერიოდულად მართავენ აქციებს.

XS
SM
MD
LG