ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მთავარი მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკამ დღეს თქვა ბელარუსის ეროვნული კრებისა და მოსახლეობისადმი მიმართვისას. ლუკაშენკამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებას უწოდა "ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების ძალისხმევის" შედეგი.
"შევეცდები გავრისკო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზება, ტექნიკის გადაადგილების და ჯარების გადაჯგუფების უფლების გარეშე", - განაცხადა ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა.
ლუკაშენკას თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა უკიდურესად სახიფათოა და შეუძლებელს ხდის სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან "ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით".
რუსეთი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, სამხედრო მიზნებით იყენებს ბელარუსის ტერიტორიასაც.
2023 წლის 25 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.