თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 აპრილს ჩავა თურქეთში და დაესწრება რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას. ამის შესახებ ერდოანმა 29 მარტს განუცხადა ტელეკომპანია A Haber-ს. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ პუტინი ცერემონიას ონლაინ რეჟიმში შეუერთდება.
ერდოანის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქული გამოცემები წერდნენ, რომ ანკარა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება. ეს 27 მარტს უარყო კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა.
თურქეთი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულების, „რომის სტატუტის“ მონაწილე და არ აღიარებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, თურქეთს არ აქვს სასამართლოს ორდერის საფუძველზე პუტინის დაკავების ვალდებულება.
- 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
- 20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.