Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთის ძალები აკონტროლებენ ბახმუტის დაახლოებით 65%-ს


ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 26 მარტი
ქალაქი ბახმუტი. 2023 წლის 26 მარტი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაიკავეს უკრაინის ქალაქ ბახმუტის კიდევ 5% და ამჟამად აკონტროლებენ საერთო ჯამში, დაახლოებით 65%-ს.

ამერიკელი ექსპერტები საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების, ვიდეომასალების და გეოლოკაციური გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ როგორც ჩანს, დაიკავა ბახმუტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო კომპლექსი „აზომი“ და წინ წაიწია ქალაქის ცენტრისკენ, ბაზრის და კულტურის სახლის რაიონში.

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა სირსკიმ 28 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის ასაღებად გადაისროლა საუკეთესო ქვედანაყოფები. სირსკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანაა რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგის განადგურება და შეტევაზე გადასვლისთვის მომზადება.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG