უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების გამო, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კიევი მტკიცე ნაბიჯებს მოელის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ჩინეთისგან.
რუსეთი ასევე არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მასში ვეტოს უფლება აქვს.
ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილება განცხადებაში შეფასებულია, როგორც „მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს ბელარუსის საზოგადოებას მოწოდებით, „არ დაუშვან დანაშაულებრივი ჩანაფიქრის რეალიზაცია“.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე პუტინის განცხადებას უწოდა ამ ქვეყნის შინაგანი დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. მისი აზრით, ის მაქსიმალურად ზრდის რუსეთისა და პუტინის უარყოფითად აღქმის დონეს ბელარუსის საზოგადოებაში. „კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა,“ თქვა დანილოვმა. უკრაინის პრეზიდენტს ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, პუტინის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ მოსკოვში ესმით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს აგებენ.
კვირას ნატომ გააკრიტიკა რუსეთი და მის გადაწყვეტილებას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს; არ იზრდება არც ნატოს წევრთა სამხედრო მზადყოფნის დონე. ამგვარადვე შეაფასა ვითარება აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ბირთვულ ძალებს არ გადაიყვანენ გაზრდილი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში.
შაბათს პუტინმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი საკუთარ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში.
პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ ადრე თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და არღვევს მის არაბირთვულ სტატუსს. „რუსეთი ოკუპანტივით იქცევა, ვნებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ბელარუსს მისი მეზობლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ აქეზებს,“ თქვა ციხანოუსკაიამ.