Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ხაზაროვას განცხადებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწვეტილებას რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის არც სამართლებრივი თვალსაზრისით. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გამოცემაზე.

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე არ არის და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე დაკავების შესაძლო „რეცეპტები“, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“, - თქვა მარია ზახაროვამ.

დღეს, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.

ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.

მეორე პირზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის ტრიბუნალის საიტზე ვკითხულობთ:

"ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)) გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.

რუსეთმა უკრაინის ბევრ რეგიონში მრავალი ომის დანაშაული და, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეგიდით ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი.

გამოძიებამ გამოავლინა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების მიმართ ჩადენილი დანაშაული: ბავშვების კიევის კონტროლის მიღმა ტერიტორიაზე გადაყვანა, ფილტრაციის სისტემის არსებობა და დაკავების არაადამიანური პირობები.

ამავე დროს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ერიკ მესემ, აღნიშნა, რომ ვერ მოახერხეს უკრაინის მოსახლეობის მიმართ გენოციდის ფაქტების დადგენა.

XS
SM
MD
LG