სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.
კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოთ დასახელებული დანაშაულებისთვის - რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“.
მეორე პირზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის ტრიბუნალის საიტზე ვკითხულობთ:
„ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)) გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონ ლვოვა-ბელოვას ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დასახელებულ დანაშაულებში, მათი პირადად, სხვებთან ერთდ და/ან სხვების მეშვეობით ჩადენისთვის (რომის სტატუტის მუხლი 25 (3))“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.
სასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ ორდერები არის საიდუმლო იმისათვის, რომ დაეცვა მსხვერპლი და მოწმეები, აგრეთვე გამოძიების ინტერესები. ამის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ეხებოდა მიმდინარე ვითარებას, რომელიც ახლაც გრძელდება და რომ ორდერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობდა დანაშაულების შემდგომ ჩადენის პრევენციას, პალატამ გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში იყო სასამართლოს რეგისტრატორისთვის მიენიჭებინათ ორდერების, ეჭვმიტანილების, დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უფლებამოსილება.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გაჩაღებიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიწყო.
მასალა განახლდება