რუსეთმა უკრაინის ბევრ რეგიონში მრავალი ომის დანაშაული და, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეგიდით ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მოხსენება მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის წლისთავს უკავშირდება.
ანგარიშის მომზადებისას უფლებადამცველები იმყოფებოდნენ უკრაინის 56 დასახლებაში, სადაც 600-მდე თვითმხილველი გამოჰკითხეს, ასევე ნახეს დაკავების ადგილები და მასობრივი სამარხები.
კაცობრიობის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს შორის მოხსენებაში ნახსენებია გაუპატიურება, სისტემატური წამება რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ადგილებში. გარდა ამისა, ანგარიშის შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რის შედეგადაც ზამთრის ცივ თვეებში ასობით ათასი უკრაინელი დარჩა სითბოსა და სინათლის გარეშე.
გამოძიებამ გამოავლინა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების მიმართ ჩადენილი დანაშაული: ბავშვების კიევის კონტროლის მიღმა ტერიტორიაზე გადაყვანა, ფილტრაციის სისტემის არსებობა და დაკავების არაადამიანური პირობები.
ამავე დროს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ერიკ მესემ, აღნიშნა, რომ ვერ მოახერხეს უკრაინის მოსახლეობის მიმართ გენოციდის ფაქტების დადგენა.
დოკუმენტში ასევე დაფიქსირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მხრიდან ჩადენილი აშკარა დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა. მინიმუმ ერთი კვალიფიცირდება, როგორც განურჩეველი, მინიმუმ ორი, როგორც ომის დანაშაული. საუბარია უკრაინელი სამხედროების მიერ პატიმრების დახვრეტის შემთხვევებზე.
ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებსა და დანაშაულებზე, საერთაშორისო სამართლის პროცედურების თანახმად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.