"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომელმაც მმართველი პარტია და "აგენტების" კანონპროექტი გააკრიტიკა, მისი დამქირავებლის გადაწყვეტილებით "ჩაეხსნა" საქმეს და არა - პირიქით. პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვიქტორ ყიფიანის მიმართაც გავრცელდებოდა "აგენტების" კანონი, ის რომ მიეღოთ.
"კვირაზე მეტია, ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ის პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყოფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის, ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.
ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ალბათ, მხარეები გააკეთებენ კომენტარს", - თქვა კობახიძემ. მანვე დააზუსტა, რომ ვიქტორ ყიფიანი "აგენტების" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე "ჩაეხსნა" ივანიშვილის საქმეს.
კობახიძე ყიფიანის გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა მიანიშნებს, რომ "მიზეზი ბევრად მძიმეა", ვიდრე "აგენტების" კანონპროექტი.
"როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასდროს გახდები. არ შეიძლება, იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და გახდე უცხოური გავლენის აგენტი", - ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ იგი აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე პასუხობს: "არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით. ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ამაზე ბევრად უფრო მძიმე". კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს შვეიცარიულ ბანკთან დავას, კობახიძე ამბობს: "პირდაპირ არა".
მისივე თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა ვერ ილაპარაკებს. "ნიშნები მოგეცით", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ირაკლი კობახიძე სომხურენოვან მედიასაშუალებასთან, 1in TV-სთან საუბრის დროს გააკრიტიკა. მან 10 მარტს ინტერვიუში შეაფასა კობახიძის 8 მარტის განცხადება, როცა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას "მაიდნის მოვლენებს" უკავშირებდა და ამავე კონტექსტში აკრიტიკებდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.
"მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი. აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები თქვენთან, მისდამი ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად. ის კეთილსინდისიერი ადამიანია, კონკრეტული საჭირო ცოდნითა და კომპეტენციებით, მაგრამ რიტორიკა და ფორმულირება, განსაკუთრებით ამგვარ დელიკატურ საკითხებზე, როდესაც უკრაინულ თემასთან შედარება კეთდება, როცა ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში ვისმენდი, ბატონი კობახიძის ამ პრესკონფერენციას, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა", - თქვა მან.
ყიფიანი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ იმით გაიცნო, რომ საერთაშორისო დავებში ივანიშვილის ინტერესების დამცველია და მედიას მის მოსაზრებებს აცნობს.
ვიქტორ ყოფიანთან ინტერვიუ „რადიო იმედის" ეთერში 10 მარტს გავიდა, როცა მმართველ პარტიას უკვე ნათქვამი ჰქონდა უარი ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე.
„ეს კანონპროექტი, ალბათ, იქცა მორიგ ჯერზე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რამდენად აქვს გაცნობიერებული, იმის მიუხედავად, თუ რომელ მხარეს იმყოფება, რამდენად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის ინტერესები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებს.
რომ არა ეს კანონპროექტი, იქნებოდა სხვა თემა, ისე, როგორც წარსულში ჩვენ გვიხილავს, ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცა ის სწორი სტანდარტი, ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო", - თქვა ვიქტორ ყოფიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ და მოსალოდნელი იყო ეს რეაქცია.
"სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები", - ამბობს ის.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე არ იყო შესწავლილი მისი მიღების მიზანშეწონილობის საკითხი - რა სიკეთის მომტანი იქნებოდა კანონი ან რა სავარაუდო ზიანს მიიღებდა ქვეყანა.
"რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება?!. თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.
ახლა ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ვეთანხმები ბატონ გიორგის [კახიანს], ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - თქვა მან.
თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს "ჩააგდო".