Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის ადვოკატი კობახიძეზე: უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი


ვიქტორ ყიფიანი
ვიქტორ ყიფიანი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამავე პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სომხურენოვან მედიასაშუალებასთან 1in TV-სთან საუბრის დროს აკრიტიკებს. მან 10 მარტს ინტერვიუში შეაფასა კობახიძის 8 მარტის განცხადება, როცა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას "მაიდნის მოვლენებს" უკავშირებდა და ამავე კონტექსტში აკრიტიკებდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

"მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი. აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები თქვენთან, მისდამი ჩემი პირადი პატივისცემის მიუხედავად. ის კეთილსინდისიერი ადამიანია, კონკრეტული საჭირო ცოდნითა და კომპეტენციებით, მაგრამ რიტორიკა და ფორმულირება, განსაკუთრებით ამგვარ დელიკატურ საკითხებზე, როდესაც უკრაინულ თემასთან შედარება კეთდება, როცა ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში ვისმენდი, ბატონი კობახიძის ამ პრესკონფერენციას, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა.

დავიჭირე ამგვარი განცხადების კონსტრუქციაში უხერხულობა. ვფიქრობ, ეს განცხადება არა მხოლოდ ერთგვარად შიდა მოხმარებისაა, არამედ მოცემულ ეტაპზე უკრაინასთან ჩვენი არცთუ მარტივი ურთიერთობების გათვალისწინებით, ხომ გესმით, ამგვარი განცხადებით დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა იმის ნაცვლად, რომ როგორც ამ ვითარების როგორღაც დარეგულირებაზე ვიფიქროთ", - თქვა ყიფიანმა.

მან ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კობახიძე გაწონასწორებული ადამიანია, შეკავებული ემოციებით.

"ვფიქრობ საჭიროა მეტად დაბალანსება, მეტი რაციონალიზმი, მეტი პრაგმატულობა, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიცავს რისკს, რომ სხვაგვარად გამოეხმაურონ, არ ვიცი, თვალი არ მიმიდევნებია უკრაინული მედიისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი რთული ურთიერთობების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ცოტათი უფრო ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, მით უმეტეს, როდესაც ასეთი არაორდინალური პარალელები კეთდება", - თქვა მან.

თბილისში ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად 7-8 მარტს ქუჩაში გამოსული ადამიანების აქციის დაშლის დროს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტი გამოაქვეყნა.

"მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდნის დროს", - წერდა ვიოლა ფონ კრამონი.

ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ იმოქმედებენ რადიკალების ინტერესებით.

"გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება მაიდანს, ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული.​ ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.

XS
SM
MD
LG