Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მზად არიან


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სასამართლო სხდომაზე ვიდეოზარით ჩართვა კლინიკა "ვივამედიდან"
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. სასამართლო სხდომაზე ვიდეოზარით ჩართვა კლინიკა "ვივამედიდან"

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის, პიოტრ მულერის განცხადებით, მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს. სააგენტო როიტერსის თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ქართული მხარის თანხმობას ველით. როგორც ვიცით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზულ ეჭვებს იწვევს და სწორედ ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ასე გავაქარწყლოთ ეჭვები“, – თქვა პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

გასულ კვირაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პოლონელი ექიმების ჩამოყვანაზე მათთვის არავის მიუმართავს. მისივე თქმით, უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პოლონელი ექიმების ჩამოსვლაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG