საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე, რომლებიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონის“ საწინააღმდეგოდ თბილისში გაიმართა, სამართალდამცველმა ორგანოებმა იდეალურად იმუშავეს.
„მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს და მის გუნდს. ყველაფერი იყო იდეალურად გათვლილი. მე ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიულად შეასრულეს ბიჭებმა ეს გამოწვევა. მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ნაკლები დანაკარგებით დამთავრდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ღარიბაშვილის განცხადებით, სიცრუეა, თითქმის პოლიციიამ ძალას გადაამეტა. მისი თქმით, ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ.
„მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეს დაიწყო ეგრეთ წოდებულმა „გირჩის“ მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს... ეს არის შემაშფოთებელი. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
9 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება თბილისში გამართულ აქციებზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“.
აქციაზე გამოიყენეს წყლის ჭავლი, პილპილის აეროზოლი და ცრემლმდენი გაზი.
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო 7 და 8 მარტის აქციებზე პოლიციამ 133 დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულმა ზაზა ბირიაშვილმა კი მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ 10 მარტს განაცხადა, რომ 7-8 მარტის აქციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მისი თქმით, ამ აქციებში 58 პოლიციელი დაშავდა.