“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს და ამბობს, რომ მისი აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.
„რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ... სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!“, - წერს ნიკა მელია.
ვანო მერაბიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გამართულ გლობალური ინიციატივის - SAVE MISHA-ს თემაზე გამართულ დისკუსიაზე, საქართველოში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან.
მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ, რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“. მანვე თქვა, რომ აპირებენ აქციების გაგრძელებას 12 პუნქტის შესასრულებლად.