Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, "აგენტების" კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია უკვე გამოიხმეს ვენეციის კომისიიდან.

მან პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ უკვე პირველი მოსმენით მიღებულ ერთ-ერთ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] მეორე მოსმენითაც გაიტანენ და ჩააგდებენ, რადგან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ორივე პროექტის მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ. საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს ამ გადაწყვეტილებას...

ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია პარლამენტიდან. რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც წესი, მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და ეს გადაწყვეტს ამ საკითხს", - თქვა მამუკა მდინარაძემ. მანვე დააზუსტა, რომ კანონპროექტი პირველივე პლენარულ სხდომაზე, ანუ 20 მარტის კვირაში გავა მეორე მოსმენით და უმრავლესობის დეპუტატები მას ჩააგდებენ.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
  • საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG