Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-მ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მთავრობას ეს არ სურდეს - პრეზიდენტი


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს განცხადება 8 მარტს France 24-თან ინტერვიუში გააკეთა
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეს განცხადება 8 მარტს France 24-თან ინტერვიუში გააკეთა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს; იგი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად სურს საქართველოსთვის საკუთარი გავლენის თავს მოხვევა და შესაძლოა, უკრაინაში მარცხის ფონზე, „სადმე სხვაგან“ წარმატების მიღწევა სურდეს.

თუმცა, მისი თქმით, ამას საქართველომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და გააგრძელოს ევროპისკენ სვლა, ევროკავშირმა კი მხარი უნდა დაუჭიროს, სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუნდაც ეს მთავრობას არ სურდეს.

France 24-ის ჟურნალისტის კითხვაზე, - ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „რუსული ინტერვენციაა“, პრეზიდენტმა უპასუხა:

„რუსეთი არასოდეს არის შორს. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორ-ნახევარი საუკუნეა, გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი. ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება იმისა, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება, ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან ისინი აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას სადმე სხვაგან მიაღწიონ.

მაგრამ მე არა მგონია, რომ უნდა ვცდილობდეთ იმის განჭვრეტას, თუ რა სურს ან არ სურს რუსეთს, რადგან რუსეთი ახლა სუსტდება, მთელი ევროპა, შეერთებული შტატები ხედავს იმას, რაც ჩვენ მანამდეც ვიცოდით, - თუ როგორია რუსეთის ნამდვილი ბუნება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა: ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ, დავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისაკენ. ეს არის ერთადერთი პასუხი იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს“.

სალომე ზურაბიშვილმა იქვე ახსენა რუსეთის 2 სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს, და განაცხადა, რომ არ არის საჭირო, გამოვიცნოთ, რა სურს რუსეთს, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, ევროკავშირმა კი „სტრატეგიული გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს:

„ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე. და ეს გზა მიდის ევროპისკენ. აი, აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში „ანტიკონსტიტუციური“ უწოდა ამ კანონის მიღებას:

„ჩვენი კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას, მთავრობს, პარლამენტს, პრეზიდენტს, რომ ყველაფერი იღონოს, რათა ევროპული ინტეგრაცია მოხდეს. და ამიტომაც, ამ აზრით, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია. ეს არის ის, რასაც ვამბობ, რასაც გავიმეორებ და რასაც ქართველი ხალხი ამბობს ქუჩაში დემონსტრაციებით“.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებების აცდენა მათს ქმედებებთან:

„მსურს, ვუთხრა საქართველოს მთავრობს, ხელისუფლებას: როდესაც ევროინტეგრაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სურთ ევროკავშირში, ამას აზრი არ აქვს, თუკი [საწინააღმდეგოდ] მოქმედებენ და იღებენ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. ასე რომ, უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის სურვილი, მანდატი, რაც მიღებული აქვთ, რადგან ეს მთავრობა, როგორც მე, აგვირჩიეს ევროკავშირში შესასვლელად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ საქართველოს მოსახლეობას“.

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.

ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონის მიღება დააზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს.

ამ კანონის მიღებას საზოგადოების არაერთი ჯგუფი ეწინააღმდეგება - მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მასწავლებლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

კიდევ უფრო დიდი დემონსტრაცია გაიმართა 8 მარტს. ამჟამად პოლიცია აგრძელებს ამ აქციის დაშლას.

XS
SM
MD
LG