Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას პროტესტის ჩახშობით უპასუხონ - პრეზიდენტი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუში გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან თქვა, რომ "რუსულ პოლიტიკას ჰგავს", როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. გადაცემის წამყვანმა მას ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტსა და საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის შესახებ ჰკითხა.

"ამ კანონის მიღების არანაირი საჭიროება არაა. საჭიროება არ არსებობს, დავარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაციები... უწოდო ამ ხალხს "უცხოეთის აგენტები", არის ის რაღაც, რაც ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. რუსულ პოლიტიკას ჰგავს ისიც, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. ეს ხალხი პარლამენტთან გამოდის მშვიდობიანად, ერთი მოთხოვნით, გაიწვიონ ეს კანონპროექტი".

პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენოს ძალა საპროტესტო აქციაზე, ხოლო პროტესტის მონაწილეებზე თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს მათ:

"მთავრობას ბოლო შანსი აქვს, დახუროს ის ნაპრალი, რომელიც მასა და მის მოსახლეობას შორის სულ უფრო ფართოვდება. ბოლო შანსი აქვს აჩვენოს, რომ ის პრორუსულ ძალას არ წარმოადგენს. მათ თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან - ეს ჩემი მოწოდებაა აქედან. ვიცი და მხარს ვუჭერ და გუშინ მივმართე მოსახლეობას, რომ სრულად მხარს ვუჭერ იმას, რაც ახლა ხდება, რადგან საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. მოსახლეობას აქვს უფლება თქვას, რომ ევროპა სურს. ვაპირებ, რაც შემიძლია ყველანაირად მხარი დავუჭირო, უცხოელ ლიდერებთან შეხვედრითა და უცხოურ მედიასთან საუბრით".

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ევროინტეგრაცია იყო როგორც მისი, ასევე "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა და ასევე ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში:

"ამ ქვეყანაში, ჩემი პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს აღმასრულებელი ძალა, უზრუნველვყო ის, რასაც დავპირდი ჩვენს ამომრჩეველს. თუკი საპარლამენტო უმრავლესობა, მმართველი პარტია ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებელი ვარ, არამედ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე პრეზიდენტად კენჭისყრა, რატომაც მსურს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, არის ის, რომ ეს ქვეყანა მიუახლოვდეს და საბოლოოდ, შევიდეს ევროკავშირში. ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია... ჩვენ ევროინტეგრაციის ნამდვილად უდიდესი შანსი გვაქვს, უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად".

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.

ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG