Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილთან პოლონელის ექიმების დაშვების საკითხზე იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ მედიკოსების დაშვების საკითხს კავშირი არ აქვს ევროკავშირის ელჩის შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან. როგორ სამინისტრო აღნიშნავს, მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავად შესთავაზა სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.

„ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა. იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა. საგანგებოდ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG