Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აზერბაიჯანულმა მხარემ თქვა, რომ ამ რუკებს ვერ გამოვიყენებდით” - "კარტოგრაფების საქმეზე" მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება 


28 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მოწმე, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ლევან წურწუმია.

სასამართლოზე მან არაერთხელ თქვა, რომ არ აქვს კარტოგრაფიული ცოდნა და არ შეუძლია გაიხსენოს კონკრეტულ საზღვრის მონაკვეთებთან დაკავშირებული განხილვები თუ ნახაზები. რაც მოწმეს ნათლად ახსოვდა, იყო ის, რომ კომისიაში გადაწყვეტილებები საერთო შეთანხმების საფუძველზე მიიღებოდა, რომელსაც ხშირად ხანგრძლივი განხილვები, საველე სამუშაოები და დისკუსიებიც უძღოდა წინ.

ლევან წურწუმია საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი ორჯერ იყო: 2005-2007 და 2017-2019 წლებში. პროკურატურისთვის საინტერესოა მისი კომისიაში ყოფნის პირველი ვადა, ამ დროს წურწუმია კომისიის მდივანი იყო.

ბრალდებულების ადვოკატების კითხვები კი მეორე ვადასაც შეეხებოდა - სწორედ ერთ-ერთი ასეთი კითხვის პასუხად უთხრა მოწმემ სასამართლოს, რომ რუკები, რომლის გამოუყენებლობას ბრალდების მხარე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ედავება, საქართველომ 2019 წელს შესთავაზა აზერბაიჯანს განსახილველად და პასუხად უარი მიიღო.

“შეიძლება ზუსტი სიტყვები არ მახსოვს, რა ითქვა მაშინ, მაგრამ ვიცი, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თქვა, ამ რუკების გამოყენება არ შეიძლება, ამ რუკებს ვერ გამოვიყენებთ”, - უთხრა სასამართლოს ლევან წურწუმიამ.

ივერი მელაშვილის კითხვაზე, მიაღწია თუ არა საქართველომ რუსეთიდან რუკების ჩამოტანის შემდეგ რაიმე პროგრესს საზღვრის შეთანხმების მიმართულებით, მოწმემ თქვა, რომ მას, როგორც კომისიის ყოფილ წევრს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ახალი მასალები გადაეცა.

პროკურორმა გააპროტესტა კითხვები, რომლებსაც ბრალდებული და მისი ადვოკატი უსვამდნენ ბოლო წლების შესახებ იმ არგუმენტით, რომ ბრალდება 2017 წლიდან ამ დრომდე მიმდინარე პროცესებს არ შეეხებოდა და ფოკუსირებულია 2005-2007 წლებში მომხდარ ამბებზე.

ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სასამართლოს შეახსენა, რომ ერთიანი კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყენა სახელმწიფომ რუკები, რომელთა გამო პროკურატურა ბრალდებულებს ედავება, ვინაიდან ეს შეიძლება უპასუხებდეს მთავარ კითხვებს: შეიძლებოდა თუ არა ამ რუკების გამოყენება და, შესაბამისად, რამდენად დასაბუთებულია ბრალდება. მშვენიერაძემ თქვა, რომ განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ სრული სურათი უნდა შეაფასოს და, რომ ეს საქმე მმართველმა პარტიამ წინააარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

მოსამართლემ პროკურორების პროტესტი არ გაითვალისწინა და მოწმეს მისცა საშუალება, კითხვებზე ეპასუხა.

სასამართლო პროცესზე ლევან წურწუმიამ გაიხსენა, რომ რუკების მოძიებას კომისია წლების განმავლობაში, მათ შორის 2005-2007 წლებში ცდილობდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. მან ახსენა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მნიშვნელოვანი რუკების რუსეთის არქივებში არსებობის შესახებ და გაიხსენა ფაქტი, როცა ივერი მელაშვილი პირადად ჩავიდა სომხეთში კარტოგრაფიული მასალის ჩამოსატანად.

“როგორც მახსოვს, ყველა დოკუმენტი არ იყო საქართველოში, რაღაც რუკები რუსეთშიც იყო. 1:500 000 რუკაც არ იყო, მოძიებული იყო, თუ სწორად მახსოვს, სომხეთში”, - თქვა მან. რამდენიმე წუთში ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის კითხვაზე, ხომ არ ახსოვს, ვინ ჩამოიტანა სომხეთში მოძიებული რუკა საქართველოში, მოწმემ თქვა, რომ ეს ივერი მელაშვილი იყო.

ლევან წურწუმიას სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან გაირკვა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საკითხის ჩიხში შესვლას საგარეო უწყება უკვე 2017 წელს საგანგაშოდ მიიჩნევდა და ამ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად მას, როგორც საერთაშორისო სამართლის მცოდნეს, სთხოვეს მოემზადებინა დოკუმენტი საზღვრების შეთანხმების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი ყოფილიყო ქართული მხარისთვის.

“2017 წელს პროცესი იყო ჩიხში შესული. განიხილებოდა რამდენიმე გზა, მათ შორის, უცხოელი ექსპერტის მოყვანა, სასამართლო დავა. მე მოვამზადე კვლევა საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაზე”, - უთხრა სასამართლოს ლევან წურწუმიამ და განმარტა, რომ საერთაშორისო სამართალი სახმელეთო საზღვრების შეთანხმების საკითხებს არ არეგულირებს. მთავარი პრინციპი, რაც ამგვარ შემთხვევებში არსებობს, არის ის, რომ სახელმწიფოების დაშლის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან დაშლის მომენტში არსებული ადმინისტრაციული საზღვრების ცნობისა და აღიარებისთვის. ამ პრინციპით, დავითგარეჯთან ამ დრომდე შეუთანხმებელი საზღვრის მონაკვეთი პრობლემური იყო იმის გამო, რომ საზღვრის ხაზი აზერბაიჯანთან მთის თხემზე ისე გადიოდა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩება, ისევე როგორც ბერთუბანი. ლევან წურწუმიამ გაიხსენა, რომ საქართველოს მხარის უცვლელი და მყარი პოზიცია იყო ამ მონაკვეთის ისე შეთანხმება, რომ საქართველოს მხარეს დარჩენოდა ყველა ისტორიული ძეგლი.

“კომპლექსურად განიხილებოდა დავითგარეჯი, ბერთუბანთან ერთად. ბერთუბანიც საქართველოს უნდა დარჩენოდა, განიხილებოდა ადგილმონაცვლეობის საკითხიც”, - თქვა ლევან წურწუმიამ.

კარტოგრაფების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 მარტს გაიმართება.

  • სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
  • გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ბრალდებას მათ წინააღმდეგ მთავარ მკიცებულებებად აქვს რუსეთის არქივებიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკები და გარეჯელი ბერის, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება.
  • ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.
  • 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა.
XS
SM
MD
LG