Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხსნის მინისტრი გომელაური მწერალ ფილიპ დზიადკოს საზღვარზე არშემოშვებას


ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში გამოსვლისას რუსი მწერლისა და ჟურნალისტის, ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვებას დეპუტატების კითხვების პასუხად გამოეხმაურა. მას მომხდარის მიზეზებზე არ უსაუბრია და ფილიპ დზიადკოზე თქვა, რომ "არც იცის ვინ იყო" და "ატყდა ამბავი".

"მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს, ქვეყანა დაინგრა. მაგალითად, გუშინ რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით საზღვარზე. შემდეგ ქალბატონი [ელენე] ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში თავის ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს მთელი ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოვუშვით?! 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა? მიკვირს...

ერთის მხრივ, იძახიან რუსებს დაუკეტეთ [საზღვარი], ნუ უშვებთ რუსებს, არავინ აღარ შემოუშვათო და მეორეს მხრივ, ვიღაცაზე, ნუ არ ვიცი, ვინ იყო გუშინ, ატყდა ამბავი, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შემოუშვათო. ესაა გადამრჩენელი და მე მგონი, პუტინის დამმარცხებელი, ანუ ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს. არ ვიცი ასეთი მიდგომა, არასწორია, ჩემი აზრით. ჯერ ჩვენს მოქალაქეებს მივხედოთ, რომლებიც დაწყებული მექსიკის საზღვრიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნებით, ჩადიან და არ უშვებენ...", - თქვა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მწერალი და ჟურნალისტი, ჟურნალის „Большой город“-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ფილიპ დზიადკო თბილისის აეროპორტის ტერმინალში გატარებული 23 საათის შემდეგ ერევანში გაემგზავრა. მისი თქმით, იქ რამდენიმე დღე აპირებს დარჩენას და იმედი აქვს, რომ თბილისში მალე დაბრუნდება.

დზიადკო წერს, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გასული წლის 3 მარტს გადავიდა. 5 დღის წინ კი ბერლინში „მემორიალის“ სემინარზე იმყოფებოდა, საიდანაც თბილისში ვენის რეისით ბრუნდებოდა.

შესვლაზე მიზეზი განუმარტებლად უარი მითხრეს, ვიღაცამ ივარაუდა, რომ ეს წიგნის „რადიო მარტინის“ გამოა. ალბათ არა, მაგრამ თუ ასეა სასიამოვნოა, მაშინ გასაგებია, რისთვის იყო ეს ყველაფერი - საფუძვლიანი ოპერაცია ანტიპუტინური წიგნის პოპულარიზაციისთვის“, - წერს დზიადკო ტელეგრამის არხზე და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან.

მწერალი, გამოცემა Arzamas-ის რედაქტორის ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვების შესახებ მისმა ძმებმა განაცხადეს. ტიხონ დზიატკო ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ტიმოფეი დზიადკო კი ჟურნალისტი.

მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ან ხანგრძლივი შემოწმების გავლა მოუწია რამდენიმე რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს. გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსული კრიზისცენტრის «Насилию.нет»-ის დამფუძნებელი ანა რივინა. ანა რივინას მიერ დაფუძნებული კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. 2020 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი შეიტანა ჩამონათვალში იმ არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს თავად რივინაც, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე“, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კანონით, ქართველ მესაზღვრეებს უფლება აქვთ უარის კონკრეტული მიზეზი არ განმარტონ.

XS
SM
MD
LG