მწერალი და ჟურნალისტი, ჟურნალის „Большой город“-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ფილიპ დზიადკო, თავის ტელეგრამის არხზე წერს, რომ თბილისის აეროპორტის ტერმინალში გატარებული 23 საათის შემდეგ, ახლა ერევანშია. იქ რამდენიმე დღე აპირებს დარჩენას და იმედი აქვს, რომ თბილისში მალე დაბრუნდება.
დზიადკო წერს, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გასული წლის 3 მარტს გადავიდა. 5 დღის წინ კი ბერლინში „მემორიალის“ სემინარზე იმყოფებოდა, საიდანაც თბილისში ვენის რეისით ბრუნდებოდა.
„შესვლაზე მიზეზი განუმარტებლად უარი მითხრეს, ვიღაცამ ივარაუდა, რომ ეს წიგნის „რადიო მარტინის“ გამოა. ალბათ არა, მაგრამ თუ ასეა სასიამოვნოა, მაშინ გასაგებია, რისთვის იყო ეს ყველაფერი - საფუძვლიანი ოპერაცია ანტიპუტინური წიგნის პოპულარიზაციისთვის“, - წერს დზიადკო ტელეგრამის არხზე და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან.
ფილიპ დზიადკოს ერთი ძმა ტიხონ დზიადკო ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, მეორე ძმა ტიმოფეი დზიადკო კი ჟურნალისტი. იმის თაობაზე, რომ ფილიპ დზიადკოს საქართველოში არ უშვებდნენ პირველად სწორედ მათ დაწერეს.
მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ან ხანგრძლივი შემოწმების გავლა მოუწია რამდენიმე რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს.
გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსული კრიზისცენტრის «Насилию.нет»-ის დამფუძნებელი ანა რივინა. ანა რივინას მიერ დაფუძნებული კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. 2020 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი შეიტანა ჩამონათვალში იმ არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს თავად რივინაც, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე“, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროზე.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კანონით, ქართველ მესაზღვრეებს უფლება აქვთ უარის კონკრეტული მიზეზი არ განმარტონ.