რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი ჩერნიაკმა მისცა ბერძნულ გამოცემა „იეფიმერიდა“-ს.
ჩერნიაკის თანახმად, ომის დროს იყენებენ კანონით ნებადართულ ყველა საშუალებას და თანამშრომლობის მექანიზმები გამოძებნეს პუტინთან საკმაოდ დაახლოებულ პირებთანაც კი. როგორც უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი ამბობს, ამ ადამიანებზე ეჭვი არავის მიაქვს, რადგან „დიდი რუსეთის“ იდეის მომხრეებად არიან ცნობილი.
ჩერნიაკის განცხადებით, პუტინის გარემოცვაში ბევრი არ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს, მაგრამ უწევთ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედება - ზოგიერთს სიცოცხლის გადასარჩენად, სხვებს კი, ფულის. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენლის შეფასებით, ეს ხალხი ჯერჯერობით არ არის მზად რუსეთში გადატრიალებისთვის, მაგრამ თუ პუტინი ძალაუფლების დაკარგვას დაიწყებს, მას გაანადგურებენ.