Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დეპუტატის უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ" - ჟურნალისტებს პარლამენტში შეზღუდვებს უწესებენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

დღეს, 6 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს გააცნო შინაარსი თავისი ახალი ბრძანებისა, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მედიის საქმიანობას არეგულირებს.

„დღეს გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესს. ანუ - ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია, გვქონდა გარკვეული ხარვეზი, არ გვქონდა აკრედიტაციები, ამიტომ ყოველ ჯერზე იყო საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის. ე.წ. საპარლამენტო ჟურნალისტიკა, ამ მხრივ, არ არსებობდა. ამიტომ პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა შეადგინა ანალიზი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების და ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა წესი აკრედიტაციის, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს: პირველი არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, გაშუქდეს და საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს; მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. შესაბამისად, არის წესები, რომლებიც ბრძანების მიღებისთანავე გამოქვეყნდება და დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ბრძანებით, იმ მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას, განისაზღვრება აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა. ამასთან, შემოიღებენ სპეციალურ, ერთდღიან საშვს არააკრედიტებული ჟურნალისტისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების ქცევის წესებიც გააცნო. პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის შენობაში მყოფი ჟურნალისტი ვალდებული იქნება:

  1. ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
  2. წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
  3. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ;
  4. პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  5. არ დაუშვას თავისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური ან დისკრიმინაციული მიმართვა ან ქმედება;
  6. დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის ან მანდატურის მითითებებს;
  7. სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

განახლება

მოგვიანებით, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება. ის წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნლისტებზე სანქციების გავრცელებას ითვალისწინებს.

ბრძანების თანახმად, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა აღნიშნული წესები დაარღვია, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება, შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 6 თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება დაუშვებელია.

ახალი წესები 1 მარტიდან ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG