საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 28 ოქტომბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად, მედიისთვის შემოღებული იქნება რეგულაციები. მათ შორის იგულისხმება წინასწარი აკრედიტება, რიგ შემთხვევებში კი საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების საკითხს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს. საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაცია საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებებიდან, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი სიტყვებით, საპატრიარქოს საკუთრების უფლება ანიჭებს შესაძლებლობას, "თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი". შესაბამისად, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ შეატყობინებს საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას რეგულაციების თაობაზე.
ჯაღმაიძის თქმით, რეგულაციები მიმართულია საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.
"შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს მედიის დასწრების საკითხი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე უჩვენეს სხვადასხვა დროს მედიის ქცევის ამსახველი ვიდეოკადრები, რელიგიურ დღესასწაულებსა თუ საპატრიარქოსთან დაკავშირებულ თემებზე სიუჟეტების მომზადებისას. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ვიდეო მეტყველებს მედიის იმგვარ საქციელზე, რაც საფუძვლად დაედო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ეზრუნა რეგუაციების შემოღებაზე.
დღესვე საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი.
მედიის კითხვაზე, იქნება თუ არა შერჩევითი მიდგომა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "იქნება ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევითობაც" და გადაწყვეტილებას სპეციალური სამსახური მიიღებს.