Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის


რუსული ნავთობპრდუქტების ტერმინალი
რუსული ნავთობპრდუქტების ტერმინალი

რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“.

შეზღუდული ფასებით ნავთობის ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვით. აკრძალვა 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე იმოქმედებს. ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვების ვადებს მთავრობა განსაზღვრავს.

2022 წლის 5 დეკემბერს ამოქმედდა მაქსიმალური ზღვრული ფასები რუსეთის ნავთობზე, რომლის ექსპორტი ზღვით ხორციელდება. ბარელი ნავთობის მაქსიმალური ფასი 60 დოლარით განისაზღვრა. ეს ზომა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტში შევიდა.

დასავლეთის ქვეყნები ზღვრულ ფასებს აწესებენ, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავლები, რომლებიც მოსკოვს ეხმარება უკრაინაში ომის გაგრძელებაში. ამავე დროს არ სურთ დაუშვან მიწოდების შეწყვეტა და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა.

ზედა ზღვრული ფასი ნიშნავს, რომ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსულ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებებს გასწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, მათი შესყიდვა ხდება ზღვრულ ფასად ან უფრო იაფად.

XS
SM
MD
LG