უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) "ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის" წევრი, ქალაქ სევერსკის საკრებულოს დეპუტატი დააკავა. SBU-ს ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველებმა დონბასის ფრონტის წინა ხაზზე მოქმედი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (უფრო ცნობილი, როგორც GRU) აგენტი გამოავლინეს.
"ბოროტმოქმედი სევერსკის საკრებულოს დეპუტატი უკრაინაში აკრძალული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის", წევრი აღმოჩნდა. გასული წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა სადაზვერვო ცნობებს ბახმუტის რაიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დანაყოფების განლაგების შესახებ. იგი ასევე გადასცემდა ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ენერგოგენერაციის საწარმოების კოორდინატებს", - ნათქვამია ანგარიშში.
SBU-ს ცნობით, სადაზვერვო ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებისთვის გამოიყენეს.
დაკავებულს ბრალდება გააცნეს. სასამართლომ ეჭვმიტანილი პატიმრობაში დატოვა.
- 2023 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პრორუსულად მიჩნეული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის" წევრ პოლიტიკოსებს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინს და ანდრეი დერკაჩს.
- უკრაინაში აკრძალული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამას უწოდებენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით შარშან დააკავა. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.