პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, კობა ნაყოფიას, არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა ამ თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულად ლევან ხაბეიშვილი გამოაცხადა.
"დაინახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ძალიან დიდი პარტია, არ მგონია [დაიშალოს], თუმცა გადანაცვლებები შეიძლება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მოჰყავს თავისი გუნდი მართვაში. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
მე, ალბათ, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე", - თქვა კობა ნაყოფიამ.
ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2022 წლის იანვრიდან იკავებს. მანამდე ამ თანამდებობას ნიკა მელია ითავსებდა, რომელიც იმავდროულად იყო პარტიის თავმჯდომარეც.
დღეს, 30 იანვარს, დასრულდა არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.