Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა


ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. შედეგები პარტიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო იყო კანდიდატს მიეღო ხმების ნახევარზე მეტი.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%);
  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი", - თქვა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კობა ნაყოფიამ.

პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა - 41 264-მა.

2022 წლის 9 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია და მზად იყო მისი დაწყებისთვის.

10 იანვარს მედიასთან საუბარში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას", თუმცა 16 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მეგობრებთან ერთად მიიღო.

ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის დეკემბერში გახდა. მან თავის კონკურენტზე, ლევან ვარშალომიძეზე, მეტი ხმა მიიღო Facebook-გამოკითხვაში.

ამ დროს ნიკა მელიას წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით". მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს, თანხის გადაუხდელობის შემდეგ კი პატიმრობით შეუცვალეს. მელიას დასაკავებლად 2021 წლის 23 თებერვალს პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა.

მისი გათავისუფლება იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს წარმოებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. პროკურატურა აცხადებდა, რომ მზად იყო მელიას შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება, თუ თანხას - 40 000 ლარს - გადაიხდიდა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ბრალდებულთა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება და მათ შორის ნიკა მელიას საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილი გახდა.

შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა, თუმცა ამნისტიის კანონის მიღებამდე, ნიკა მელიასთვის შეფარდებული 40-ათასლარიანი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა, რის შემდეგაც მან საპატიმრო დატოვა.

XS
SM
MD
LG