უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის მოკავშირეებს მოსთხოვა შორი რადიუსის რაკეტების და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება. რამდენიმე საათში მას მერე, რაც გერმანიამ და აშშ-მა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს, ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ „რაც უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ ჩვენი გმირები მსოფლიოსაგან, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსული აგრესია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Sky News-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აინტერესებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რადგან ვერ ხვდება, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის დიქტატორი მისთვის „არავინაა.“ უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე აჩვენებს იმას, რომ კრემლი ტყუის, როცა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობს. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, ომი დასრულდება.
„მე მხოლოდ ის მსურს, რომ მათ (რუსებმა) რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, - დასძინა ზელენსკიმ.