რუსული "Ростех-ის" შვილობილი კომპანია "Радиоэлектронные технологии" შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით ჩინეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან და თურქეთიდან მიკროელექტრო ტექნიკის შეძენას განაგრძობს იარაღის საწარმოებლად, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება, ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემა „Важные истории" წერს.
„Ростех-ი" შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით ტექნიკას ყიდულობს ამერიკული კომპანიებისგან Analog Devices, Xilinx, Texas Instruments, Microchip Technology, Bourns, შვეიცარიული კომპანია ST Microelectronics-გან, იაპონური Murata-სგან, გერმანული Infineon-ისგან. ეს კომპანიები საექსპორტო კონტროლს ექვემდებარებიან.
ეს მიკროელექტროტექნიკა ზოგი რუსული თვითმფრინავისა და ვერტმფრენის საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაცვისთვის გამოიყენება, ამ ყველაფერს კი რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
ჟურნალისტები შუამავლების იმ ქსელზე საუბრობენ, რომელთა მეშვეობითაც შესყიდვები ხორციელდება. ელექტრომოწყობილობები რუსეთში ჰონგ-კონგისა და თურქეთის გავლით შედის. მათ თანახმად, თურქეთიდან მიწოდების სქემაში ჩართულია თურქეთის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დაზვერვის ყოფილი უფროსის, ატილა აიტეკის ძმისშვილების ოჯახი.
ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის რუსი მწარმოებლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რეგულარულად მკაცრდება. თუმცა ექსპერტების ხელში აღმოჩენილ იარაღის ნიმუშებში კვლავ ჩანს დასავლური წარმოების კომპონენტები.
გასული წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათლით, რუსეთში სულ მცირე 2.6 მლრდ დოლარის ელექტროტექნიკა შევიდა. სააგენტო Reuters-ის გამოძიების მიხედვით, სულ ცოტა 777 მლნ დოლარის ღირებულების ტექნიკა იმ მწარმოებლებზე მოდის, რომელთა დეტალებიც აღმოჩენილია რუსულ იარაღზე.