საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის განცხადებას. დეპუტატის შეფასებით, ელჩის განცხადება ორი ქვეყანას შორის ურთიერთობას არ ემსახურება.
„პირველად არ ვისმენთ კასიანოვის საყვედურიან განცხადებებს. მე, ჩემს კოლეგებთან, რადაში მაქვს კომუნიკაცია. ის, განცხადება, რომელიც კასიანოვმა გააკეთა, ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს არ ემთხვევა, რადგან მათ ზუსტად იციან რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე ვიცით უკრაინის საზოგადოების, უბრალო ხალხის აზრი, გამოკითხვებში ისინი საქართველოს ერთ-ერთ პირველ მხარდამჭერად მოიხსენიებენ. შესაბამისად ასეთი საყვედურები ერთის მხრივ რეალობას არ გამოხატავს, მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მე ვიმედოვნებ, რომ ახალი ელჩი ასეთი ტიპის განცხადებებს დაარეგულირებს.
ასეთი ტიპის განცხადებები არ ემსახურება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, რომლისთვისაც ჩვენ და მეორე მხრიდანაც, ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, ყოველდღიურად ამდენ ძალისხმევას ვდებთ. ასეც რომ არ იყოს, ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ასეთი ტიპის შეფასებებს არ იმსახურებს, რადგან ის ყველაფერს აკეთებს და მთელი გულით მხარს უჭერს უკრაინას“, - თალაკვაძის კომენტარს „იმედი" ავრცელებს.
ანდრი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუკი მათ დაემუქრებათ საფრთხე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში.
„პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რისკების რეალური გაზრდის შემთხვევაში, მე მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განიხილონ დახმარების გაწევის შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დასახმარებლად, - განაცხადა მან და განაგრძო, - თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. ჩვენ ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი დაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინელი დიპლომატის განცხადება არის სპეკულაციური.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.
19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. როგორც მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.
უკრაინაში აგრესიული შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთს ამ დრომდე მიღებული 9 პაკეტით განსაზღვრული სანქციები დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ შემოღებული აშშ-ს და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის სანქციებს არ დააწესებს.