Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - კლინიკა


შემთხვევის ადგილი. საგარეჯო, 21 იანვარი, 2023 წელი
შემთხვევის ადგილი. საგარეჯო, 21 იანვარი, 2023 წელი

მეზობლის მიერ დაჭრილი სამი პირი კვლავ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია 24 წლის ახალგაზრდა კაცი და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

„ერთი პაციენტი კვლავ კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მდგომარეობის გართულების მაღალი რისკია“, - უთხრა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, 24 წლის პაციენტს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუსა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში, დაზიანებული იყო არტერია და ვენა, რომელიც ოპერაციის დროს აღადგინეს.

კლინიკაში მყოფი კიდევ ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თვითმხილველთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს საგარეჯოს პოლიციაში და თელავში, კახეთის მთავარ სამმართველოში. საგარეჯოს პოლიციის შენობაში შესვლამდე, ერთ-ერთმა თვითმხილველმა ირაკლი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალები გაიხსენა.

„დედაჩემმა აივნის კარი რომ გააღო, შემოვიდა ქალების განწირული ხმა - დაჭრაო. დაბლა, რომ ჩავედი, სხვა სიტუაცია დამხვდა - ჩემი მეგობრები იყვნენ მოფენილები [მიწაზე]. აგონიაში ვიყავი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. დავიწყე ისტერიული ყვირილი, რომ ვინ იყო, ვინ ისროლა- მეთქი ... ამასობაში ეს ადამიანი მესამე სართულიდან გვიყურებს. ამ პერიოდში [ზემოდან] გადმოაგდო ლურჯი დიდი ბოთლი, რომელშიც თეთრი რაღაც ესხა - ეს ნივთიერება აფეთქდა. ჩემმა ძმაკაცმა დაიძახა, მგონი, ისევ გვესვრისო და შევეფაროთო. როგორც კი გავიქეცით, წამის მეასედში ამ ადამიანმა ისევ დაიწყო სროლა, მესამედ თუ მეოთხედ... ჯერით ისროდა. ნოდარ ათუაშვილს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. იმ საღამოს არც სუფრა ყოფილა, სადაც მკვლელი და მოკლულები ერთად იქეიფებდნენ“, - უთხრა ჟურნალისტებს თვითმხილველმა ირაკლი ლიპარტელიანმა.

20 იანვარს დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ნოდარ ათუაშვილი ისროდა. ის ყოფილი სამხედროა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის - შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მიზეზი.

XS
SM
MD
LG