უკრაინის ქალაქ დნეპრში დააკავეს შვიდი ადამიანი, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდება ჰბრალდებათ. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის უშიშროების სამსახური და საოლქო პროკურატურა. გამოძიების თანახმად, შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფი ნებაყოფლობით დათანხმდა პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „სერბის“ მეთაურის კურატორობით რუსეთის არმიისთვის დნეპრის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ჯგუფი რუსებს აწვდიდა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს. თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ეცნობებინათ და მოეხდინათ მათი კორექტირება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნეპრზე 14 იანვრის თავდასხმებთან. ამას გარდა, რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფების და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილსამყოფლის და გადაადგილების შესახებ.
უფლებადამცავების თანახმად, ჯგუფის კურატორი იყო პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი,) მეთაური. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა.
პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რომლებშიც, არსებული ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები.
დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელიც ჩადენილია საომარი მდგომარეობის დროს.