Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. ხოლო არსებით ნაწილში სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.

როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური.

"სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო."

როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ „მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან".

ძამაშვილი ხაზს უსვამს, რომ სასამართლომ ვერც სპეცოპერაციის ჩატარების ნაწილში დაინახა ხარვეზები.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის" მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, "რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს".

ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან, მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

სასამართლომ საქართველოს მთავრობას ოჯახისათვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის სექტემბერში მიიღო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მანამდე სამი თვით ადრე, 2019 წლის 6 ივნისს წარადგინეს.

მოსარჩელეები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

იურისტებმა და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სამი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი რამდენიმე მთავარ არგუმენტზე ააგეს.

2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, დაიგეგმა ისე, რომ, მომჩივანთა შეფასებით, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ;

თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს „არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა“. განმცხადებლების თანახმად, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათი თქმით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც მიუთითებს; „მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება“.

დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ „არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით“;

მათი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება „არ აკმაყოფილებდა დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. ხოლო გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოში მიმდინარე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას წლების განმავლობაში ითხოვდა მისი ოჯახი, თუმცა, უშედეგოდ. 2020 წლის იანვარში, გამოძიების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განიხილავდა.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუსმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუსის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

XS
SM
MD
LG