Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები და უკრაინელი პოლიტიკოსები სამძიმარს გამოთქვამენ ბროვარის ტრაგედიის გამო


მსოფლიოს ლიდერები და უკრაინელი პოლიტიკოსები სამძიმარს გამოხატავენ კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის დაღუპვასთან დაკავშირებით, რასაც 18 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. ზოგი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი.

„ნამდვილი ტრაგედია. ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ შსს-ს ხელმძღვანელი დენის მონასტირსკი, შსს-ს ხელმძღვანელობა, ბავშვები. დენის ანატოლის ძე და მისი კოლეგები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფაში. დაიწყო გამოძიება. ყველა ვერსია შემოწმდება. გულითადი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

„ჩემო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო. როგორი ტრაგიკული დანაკარგია. უღრმესი თანაგრძნობა ნათესავებს“, - თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ.

„დაუჯერებელია. საშინელი ტრაგედიაა. უზარმაზარი დანაკარგია. დანაკარგი ოჯახებისა და უკრაინისთვის. ჩემი პირადი დანაკარგია“, - დაწერა დენის მონასტირსკის სიკვდილზე უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.

„ჩვენ უკრაინასთან ერთად ვგლოვობთ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. მინისტრი დენის მონასტირსკი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო“, - დაწერა ტვიტერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თავის მიმართვაში თქვა, რომ მისი ქვეყანა გლოვობს მთელ უკრაინასთან ერთად და ვერტმფრენის დაღუპვას უწოდა იმის კიდევ ერთი შეხსენება, თუ რამდენად დიდ ფასს იხდის უკრაინა თავისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე კიევის მახლობლად, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ, რომელშიც ხალხი დაიღუპა, მათ შორის შსს-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩემს ფიქრებში დაღუპულთა ნათესავებთან და ახლობლებთან ვარ“, - დაწერა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა თქვა, რომ შეძრწუნებული და დამწუხრებულია ბროვარიში მომხდარის შესახებ ცნობებით.

„ჩვენი გულები არის ბროვარის მოსახლეებთან, უკრაინის შსს-ში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან“, - დაწერა ბრინკმა.

„დამწუხრებული ვარ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის ტრაგიკული სიკვდილის გამო. ჩვენს ფიქრებში ვართ ყველა მსხვერპლთან - ბავშვებთან და მათ ოჯახებთან - ამ საშინელი შემთხვევისა, რომელიც საბავშვო ბაღის მახლობლად მოხდა. საფრანგეთი სამძიმარს უცხადებს თავის უკრაინელ მეგობრებს“, - დაწერა ტვიტერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„დათრგუნული ვარ ამ საშინელი ცნობებით“, - დაწერა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. სამძიმრის განცხადება შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულის შემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პაპუაშვილი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

XS
SM
MD
LG