უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დააკმაყოფილა ოლექსი არესტოვიჩის განცხადება უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ინფორმაცია გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისის აპარატის უფროსმა მარია ვიტუშოკმა არესტოვიჩის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 17 იანვარს, დაწერა.
„დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, მსურს ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი, პრინციპული შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი ტელეგრამში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „სერიოზული შეცდომა“ უწოდა თავის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 14 იანვარს ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. არესტოვიჩმა ბოდიში მოუხადა დაღუპულთა ნათესავებს, დნეპრის მცხოვრებთ და ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, ვისაც აწყენინა.
16 იანვარს ღამით, რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის Youtube არხის პირდაპირ ეთერში არესტოვიჩმა თქვა, რომ მისი განცხადებით გამოწვეული „ორგანიზებული კამპანია“ ნებსით თუ უნებლიეთ აიტაცეს ომით და დნეპრში მომხდარი დანაშაულით ტრავმირებულმა ადამიანებმა. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაცია განახორციელა უკრაინის ოპოზიციამ რუსებთან ერთად.
14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ოფიციალური მონაცემებით, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 44 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის სიცოცხლე. დაშავდა 79, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.
16 იანვარს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.