ხელყუმბარა ცხინვალში14 იანვარს, საღამოს, ძმები გუბაევების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა.
რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლთან გაჩერებული სამი მანქანა, ნამსხვრევებმა კი ორი ბინის ფანჯრები ჩაამსხვრია.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი არზუ მამედოვა იტყობინება, უცნობმა პირმა ხელყუმბარა „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსის, ჰამლეტ გუჩმაზოვის მანქანას ესროლა“. თავად გუჩმაზოვი მანქანაში არ იმყოფებოდა.
2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის საქმის გამოძიების ფარგლებში ჰამლეტ გუჩმაზოვის დაკავების ორდერი გასცა. ომის დროს ის „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის“ ხელმძღვანელი იყო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ "ჰამლეტ გუჩმაზოვი პასუხისმგებელია სავარაუდოდ 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ჩადენილ ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შენახვა, მძევლად აყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გადაადგილება)."
2022 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება. თუმცა მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობა საქართველოში „დასრულებისგან შორსაა“. "ახლა ძალისხმევა მიმართული იქნება იმ პირთა წარმატებული დევნის უზრუნველსაყოფად, რომელთა წინააღმდეგაც გაიცა დაპატიმრების ორდერი."