Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ძალის" განცხადებით, სააკაშვილის პარტნიორებს ორი მიზანი აქვთ: გათავისუფლება ან ლიკვიდაცია


"ხალხის ძალა"
"ხალხის ძალა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შექმნილი მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ თუ პარტნიორები ვერ გაათავისუფლებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გეგმა მისი "მოშორება" იქნება. პოლიტიკოსები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საბოლოო მიზანი ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნაა".

ამ განცხადების მიხედვით, სააკაშვილი თავის პარტნიორებს 2008 წლის ომსა და 2003 წლის "ვარდების რევოლუციაზე" მტკიცებულებების გასაჯაროებით აშანტაჟებს.

"ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B - სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.

სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება", - წერია განცხადებაში.

მოგვიანებით ამ მოძრაობის ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ვის გულისხმობენ სააკაშვილის პარტნიორებად.

"მე არ მეგონა, თუ კიდევ დაგვჭირდებოდა იმის მტკიცება, ვინ არიან სააკაშვილის პატრონები უცხოეთში. მისი სურათები ვის აქვს გამოფენილი ევროპარლამენტში? - გადაახვიეთ რამდენიმე დღის წინანდელი სიუჟეტები და ნახავთ, ე.წ. FreeMisha ვინ გამოფინა. გარკვეული ძალები, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირი, განსაკუთრებით აშშ-დან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში იქნება, ევროინტეგრაციას პრობლემა შეექმნება - იგივე ბატონი მაკფოლი, რომელმაც საუბარი დაიწყო მის სიკვდილთან დაკავშირებით".

ეს პირველი განცხადება არ არის, როცა "ხალხის ძალა" პარტნიორებს ქვეყანაში "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილში ღიად ადანაშაულებს. ამ კონტექსტში იყო ნახსენები ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც. ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

ის 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ერთ თვეზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

XS
SM
MD
LG