Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ახალ პრეზიდენტს ირჩევს


ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი პეტრ პაველი
ჩეხეთის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი პეტრ პაველი

ჩეხეთში 13 და 14 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების მიხედვით და ანალიტიკოსთა უმეტესობის აზრით, მეორე ტურისთვის რეალური ბრძოლა წარიმართება სამ კანდიდატს შორის: ესენი არიან გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი, ეკონომისტი დანუშე ნერუდოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.

ბაბიში ახლა უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მილიარდერია. ამ კვირაში ჩეხეთის სასამართლომ ის ევროკავშირის სუბსიდიის გარშემო თაღლითობის საქმეში გაამართლა. სასამართლოს განაჩენი, არაერთი მიმომხილველის აზრით, მას ხმების რაოდენობას შემატებს.

პეტრ პაველი სამხედროა, ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი ხელმძღვანელი ჩეხეთისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ისტორიაში (2015-2018 წლებში). ის მკაცრ პოზიციას იკავებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, მხარს უჭერს ჩეხეთის დასავლურ ორიენტაციას და პატრიოტული გრძნობების გაღვივებასაც ცდილობს. მას მხარს უჭერენ ძირითადად მემარჯვენე, კონსერვატიული და ლიბერალური შეხედულებების ამომრჩევლები.

დანუშე ნერუდოვა ეკონომისტია, არის კერძო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი. არჩევის შემთხვევაში იგი ჩეხეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. მისი კამპანია ძირითადად მიმართულია ახალგაზრდა ამომრჩევლებისკენ - ის ლაპარაკობს განათლებაზე, ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებზე, ლგბტ თემის უფლებებზე და პაველივით უკრაინას უჭერს მხარს.

გამოკითხვების მიხედვით, ბაბიშისა და პაველის შანსები უფრო მაღალია, ხოლო შესაძლებელ მეორე ტურში ფავორიტად გადამდგარი გენერალი ითვლება.

ერთ-ერთი კანდიდატი, იაროსლავ ბაშტა, ჩეხეთის ყოფილი ელჩი მოსკოვში, ლაპარაკობს დასავლეთის ბრალეულობის შესახებ უკრაინის ომში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ითხოვს. მას მხარს უჭერს ნაციონალისტური პარტია SPD. გამოკითხვების მიხედვით, მას მეორე ტურში გასვლის შანსი არ აქვს.

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული შეცვლის მილოშ ზემანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ევროკავშირის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ლიდერი. რუსეთის მიმართ პოზიცია მან მკვეთრად გაამკაცრა 24 თებერვლის შემდეგ.

ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, მაგრამ, ტრადიციულად, პრეზიდენტის ფიგურა ქვეყანაში პატივისცემითა და დიდი გავლენით სარგებლობს.

XS
SM
MD
LG