რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უნდა მიიღონ „კანონი არამზადებისთვის“ და ქონება ჩამოართვან რუსეთიდან წასულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ.
ვოლოდინი ტელეგრამზე წერს, რომ ბოლო დროს, ზოგიერთი თანამოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს, მის მცხოვრებთ, ჯარისკაცებს და ოფიცრებს, ღიად უჭერს მხარს „ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს“ და ასე ცდილობს "საზღვარგარეთ კეთილდღეობის შენარჩუნებას".
დუმის სპიკერის თანახმად, რუსეთის კანონმდებლობით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა, შეფასდეს "ექსტრემიზმისკენ მოწოდებად, ნაციზმის რეაბილიტაციად ან შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად", მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ზომები არასაკმარისია.
ვოლოდინის ინიციატივაა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს კიდევ ერთი პუნქტი და რუსეთიდან წასული „არამზადების“ ქონება კონფისკაციას დაექვემდებაროს, რადგან, როგორც დუმის სპიკერი აცხადებს, საზღვარგარეთ მყოფები რუსეთში მათ უძრავ ქონებას აქირავებენ და ჰონორარების მიღებას განაგრძობენ. ვოლოდინი კონკრეტულ „არამზადებს“ არ ასახელებს.
მათ შორის, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთი დატოვა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგალითად, არიან ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა და მისი ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი. მედიით გავრცელებული ცნობებით, ისინი რუსეთში საკუთარი ქონების გაყიდვას გეგმავენ.