Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Insider-მა გამოიკვლია, სად ერთობიან ომის დროს რუსი მაღალჩინოსნების შვილები


ფოტო არქივიდან. ვალენტინა მატვიენკო, სერგეი შოიგუ, სერგეი ნარიშკინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები
ფოტო არქივიდან. ვალენტინა მატვიენკო, სერგეი შოიგუ, სერგეი ნარიშკინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები

მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკით და უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიური მხარდაჭერით გამორჩეული, დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების შვილები რეგულარულად მოგზაურობენ ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და დიდ თანხას ხარჯავენ სხვა ქვეყნებში დასასვენებლადაც. ამის შესახებ წერს გამოცემა The Insider-ი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების შვილების და მათი ახლობლების სოციალური ქსელები შეისწავლა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ქალიშვილი ვერონიკა, რომელიც მამისგან განსხვავებით, სანქცირებულთა სიაში არ არის, ბოლო პერიოდში იმყოფებოდა საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში. ისვენებდა კუნძულ ბალიზე მდებარე სასტუმროშიც, რომლის ნომრის ფასი დღეში 500 დოლარია. ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ ვლადიმირ ჯაბაროვის ვაჟმა 2021 წლის ზაფხულში კალიფორნიაში იმოგზაურა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი - შვედეთში, ნორვეგიასა და თურქეთში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს და დუმის ვიცე-სპიკერ ალექსანდრ ჟუკოვის რძლები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისვენებდნენ იტალიასა და საბერძნეთში.

The Insider-ი წერს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ქალიშვილ ქსენიაზეც, რომელმაც უკრაინის დონბასის მხარეში სასტიკი ბრძოლების პერიოდში, საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა და ქმართან ერთად ცხოვრობდა სასტუმროში, რომელიც სულ მცირე ნახევარი მილიონი რუბლი დაუჯდებოდა.

XS
SM
MD
LG