Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიხონ ძიადკოს განმარტებით, „დოჟდმა“ ნიდერლანდში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო


ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო
ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო

ტელეკომპანია „დოჟდმა“ ნიდერლანდში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, ამის შესახებ არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ ტელეგრამის არხ Plushev-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ყოფილ ჟურნალისტს, ალექსანდრ პლუშევს ეკუთვნის. ძიადკომ დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

დეკემბრის დასაწყისში ტელეკომპანია "დოჟდმა", რომელიც გასული წლის ივნისიდან რუსეთში დაბლოკილი იყო, ლიცენზია დაკარგა ლატვიაში „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის“ წინააღმდეგობის მიზეზით. ამის საფუძველი გახდა „დოჟდის“ ეთერში წამყვანის, ალექსეი კოროსტილიოვის მიერ წარმოთქმული სიტყვები. ჟურნალისტმა ალექსი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს. მომდევნო დღეს, 2 დეკემბერს, ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამავდროულად, წამყვანს მხარი დაუჭირა და იმ მოტივით, რომ „შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს“, არხის სამმა თანამშრომელმა ტელეკომპანია დატოვა.

მოგვიანებით „დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ, აღნიშნა, რომ ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიის გაუქმების გამო, არხი კარგავს შემოსავლის 20%-ს. სინდეევამ კოროსტილიოვის სამსახურიდან გათავისუფლებას შეცდომა უწოდა და მოუწოდა წამყვანს და მისდამი სოლიდარობის გამო არხიდან წასულ თანამშრომლებს, დაბრუნებულიყვნენ, რასაც „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო ეწინააღმდეგებოდა. ამჟამად კოროსტილიოვი არხზე არ მუშაობს. მას ლატვიაში შესვლა ეკრძალება.

18 ივლისის შემდეგ, როცა „დოჟდმა“ რიგის სტუდიიდან დაიწყო მაუწყებლობა, არხი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს ორი დარღვევის გამო: ეთერში ნაჩვენებ რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, რუსეთის არმიას კი „ჩვენი არმია“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG