Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დოჟდის“ ყოფილ ჟურნალისტს ლატვიაში, სავარაუდოდ, აღარ შეუშვებენ


ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" სტუდია
ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" სტუდია

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილი წამყვანი ალექსეი კოროსტილიოვი იმ პირთა "შავ სიაში" შეიყვანოს, რომლებსაც ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კოროსტილიოვის მიერ 1 დეკემბერს გადაცემაში „აქ და ახლა“ გაკეთებული განცხადებები „მიმართულია ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული საომარი მოქმედებები და ძალადობა აღიარებულია ტერორიზმად, ხოლო რუსეთის ფედერაცია აღიარებულია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

უწყების ცნობით, თავად გადაცემა ტელეკომპანიის თბილისის სტუდიაში, საქართველოშია ჩაწერილი, სადაც ალექსეი კოროსტილიოვი მუდმივად ცხოვრობს და მუშაობს. იმის გამო, რომ ჟურნალისტს ლატვიაში ბინადრობის ნებართვა არ აქვს, ლატვიის ხელისუფლებას არ შეუძლია მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ნათქვამია VDD-ს ინფორმაციაში.

1 დეკემბერს საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსეი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.

2 დეკემბერს ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.

„დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

6 დეკემბერს, არხისთვის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, "დოჟდის“ გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და ინსტაგრამის არხზე ემოციური ვიდეო გაავრცელა.

გამოცემა РБК-სთან საუბარში სინდეევამ თქვა, რომ არხი ეცდება ლიცენზია მოიპოვოს სხვა ქვეყანაში.

ლატვიაში ლიცენზიის გაუქმების შემდეგ "დოჟდის" ფეისბუკის გვერდზე მაყურებლებისადმი მიმართვის ტექსტი გამოჩნდა - რედაქცია მომხმარებლებს და გულშემატკივრებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

  • ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 2008 წელს მოსკოვიდან დაიწყო. 2014 წელს, ლენინგრადის ბლოკადის შესახებ გამოკითხვის შემდეგ, სატელიტური და საკაბელო ოპერატორების უმეტესობამ არხი სიიდან ამოიღო.
  • 2021 წელს „დოჟდი“ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანეს.
  • 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა „დოჟდი“. ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედიის მსგავსად, ის იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.
  • 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
  • ომის დაწყების შემდეგ ორასზე მეტი რუსი ჟურნალისტი და ოცზე მეტი გამოცემა ლატვიაში გადავიდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოთქვა შეშფოთება რუსული მედიის ლატვიაში ყოფნის გამო. როგორც უსაფრთხოების სამსახური ირწმუნებოდა, მათმა მუშაობამ, სადაზვერვო სამსახურის თანახმად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ლატვიის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებას და შეიცავდეს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის მუშაობასთან.
XS
SM
MD
LG