საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის მიწურულს გამოსცა ბრძანება, რომლითაც გაიზარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია. აზნაურაშვილის 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს გამოქვეყნდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
- „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
- „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
- „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
- „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
- „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
- „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. სამინისტროს, რომელიც დამოუკიდებლად თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს, ვებსაიტი ამ დრომდე არ აქვს და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო არხად ფეისბუკის გვერდს იყენებს.
სააგენტოს ვებსაიტის მიხედვით, ამ დრომდე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობაა.